პარასკევი, 2024-04-19, 9:40 PM

მოგესალმები სტუმარი | RSS

მთავარი » 2009 » მარტი » 13 » გარდაუვალობა
5:11 AM
გარდაუვალობა

სულ ყველაფერი წალეკა წვიმამ, წაიღო ქარმა,
ააფრიალა უმოწყალოდ რაღაც ნაგლეჯიც.
სულ ყველაფერი, რაც მომხდარა, ყალბია ალბათ,
როგორც სტატია სიკეთეზე ერთ ძველ გაზეთში.

შეშინებული შემცქერიან ბავშვის თვალები,
რაღაც უაზრო დაჟინებით, სევდანარევად,
სადღაც გამქრალა ეს სიცოცხლეც, თითქოს წამებში,
ვბოდავ რაღაცას სიმთვრალეში, ალბათ ღამეა.

ღამეა უკვე, საზიზღარი, აღარ ნათდება,
იწვის ბნელეთში გამომწვევად ძველი პატრუქი,
გადაისერა სამართებლით შორი ზმანება,
გადამირაზეს სამუდამოდ ფიქრთა ზანდუკი.

აღარ მშორდება, არ მანებებს დაწერას ხელი,
კანკალებს ჩუმად, დამტვრეული ცხადში სხეული,
სინათლის სხივი რომ მაჭერდა მწარედ თვალებში,
ახლაც ანათებს ოღონდ სულ სხვას, დავრჩი ეული.

კვლავ ახშობს სმენას გესლიანი, მწარე სიცილი,
სადღაც შორიდან არ მასვენებს, მომდევს, მომყვება,
ბავშვის თვალები, სად გამქრალან ბავშვის თვალები?!
სიცოცხლე ცოცხლობს, სიკვდილი მოკვდა, ცოცხლობს მოწყენა.

ჩამქრალან გარეთ, მოციმციმე ლამპიონები,
მეც სხვა თვალები შემცქერიან ცხოველურ ჟინით,
გადასერილი ზმანებიდან სულს მსჭვალავს სევდა,
გაშიშვლებული სინამდვილე და ბნელი შიში.

ვინმემ მასწავლეთ, როგორ ვიცხოვრო?!
ცხოვრება გახდა გარდაუვალი,
ვინმემ მასწავლეთ რით გავარჩიო,
ვინ მართალია და ვინ–მტყუანი?!

ვინმემ მასწავლეთ, როგორ ვისუნთქო?!
მყრალი ჰაერით სავსეა სივრცე.
მასწავლეთ გზები, სად გავიარო
ვეღარ გავიგე, საით გავიქცე?!

ვინმემ ჩამხედოს ღრმად შიგ თვალებში
და თუ ფსკერს განჭვრეტს შევუერთდები,
ვიმემ მასწავლეთ, როგორ ვიგლოვო,
რომ ცრემლი გახდეს შეუწყვეტელი,

ვინმემ მასწავლეთ როგორ ვიტირო?
როცა ვხარხარებ შეუსვენებლივ!...
ღმერთო, მასწავლე, როგორ ვიცხოვრო?!
სიკვდილი გახდა შეუძლებელი!

კატეგორია: სიყვარულზე ლექსები | ნანახია: 1117 | დაამატა: baqari-lasha | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 baqari-lasha  
0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]